воскресенье, 28 апреля 2013 г.

აზერბაიჯანული კლინიკა ქართულ ბაზარზე მინიმალურ ფასებით შემოვა

საქართველოში სამედიცინო ტურიზმი აქტიურდება. აზერბაიჯანის საელჩოს ეკონომიკური მრჩევლის შოვგი მეჰდიზადეს განცხადებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში ქართველი მედიკოსების მაღალხარისხიანი მომსახურების მისაღებად ჩამოვლენ. მისი თქმით, ორ წელიწადში თბილისში აზერბაიჯანული ინვესტიციით უნიკალური სამედიცინო კომპლექსის „ლანცეტის“ მშენებლობა დასრულდება, სადაც ელიტური მხოლოდ მომსახურების ხარისხი იქნება და არა ფასები. მეტიც: მეჰდიზადეს ინფორმაციით, დაწესებულებაში ფასები ზოგადად, ქართულ ბაზარზე არსებულ ტარიფებს შორის ერთ–ერთი მინიმალური იქნება. დიპლომატის განმარტებით, ამ კლინიკის ინვესტორები ბაქოში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის „ლანცეტის“ მფლობელები არიან, თუმცა თბილისის ობიექტი, მისი თქმით, უფრო ფართო პროფილური იქნება. ამ კლინიკის ერთერთი პირველი მომხმარებლები კი სწორედ აზერბაიჯანის მოქალაქეები იქნებიან.
აზერბაიჯანული „ლანცეტის“ ქართულ ფილიალში გულზე, თირკმელებზე, ფილტვებზე და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებზე ისეთი ოპერაციების ჩატარება იგეგმება, რომელიც აქამდე საქართველოში არ ტარდებოდა, გათვალისწინებულია ასევე ორგანოთა გადანერგვაც.
სამედიცინო ცენტრში ადგილობრივ კვალიფიციურ ექიმებთან ერთად, ისრაელის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები იმუშავებენ. სპეციალურად მათთვის სამედიცინო კომპლექსში სასტუმრო ბლოკი მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი დოლარია.
შეგახსენებთ, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ commersant.ge-სთან პირველად ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა არჩილ ხომასურიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ჟორდანიას ინსტიტუტი უცხოელებს შორის პოპულარულია და მათი წილი პაციენტების 10-12%-ს შეადგენს. თუმცა, ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ამ წილის გაზრდა 75%-მდე შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი ინსტიტუტს თანამედროვე შენობა ექნება სასტუმროთი და პალატებით, სადაც ერთი დღე-ღამის გატარება 200 დოლარი ეღირება. ხომასურიძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში პაციენტები არა მხოლოდ დსთ-დან, ევროპიდან და ამერიკიდან, არამედ, მაგალითად, საუდის არაბეთიდანაც ჩამოვლენ, რომლებიც სამედიცინო მომსახურების გარდა მაღალი დონის კომფორტსაც ითხოვენ. ეს ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმს განავითარებს და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც გაზრდის. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბევრად გაიზრდება, რადგან ამ ქვეყნებში რეპროდუქციული სამედიცინო მომსახურება კანონით შეზღუდულია და, თანაც, იქ ადამიანებს ძალიან ბევრი ფული აქვთ.

http://commersant.ge
2011.03.07

Комментариев нет:

Отправить комментарий